თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თბილისში შინაური ძაღლების თავდასხმები ადამიანებზე გახშირდა, განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა.
თბილისელები სააგენტოს მიმართავენ როგორც შინაური, ისე ქუჩის ძაღლების აგრესიის გამო.
ძაღლების პატრონები ხშირად არღვევენ შინაური ცხოველების გასეირნების წესებს. 2023 წლის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით ძაღლების აგრესიის და თავდასხმების შესახებ სააგენტოში 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.
„ბოლო პერიოდში გახშირდა ჩვენთან შეტყობინებები აგრესიის შესახებ, დაკბენის შესახებ... ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში მეპატრონეები არ იცავენ გასეირნების წესებს, რაც არის დადგენილი საკრებულოს მიერ“, - განაცხადა კობიაშვილმა.
სააგენტოს თანამშრომლები ყოველდღიურად აკვირდებიან სხვადასხვა სკვერებსა და საზოგადო ადგილებს, რათა შეამოწმონ, რამდენად იცავენ მეპატრონეები შინაურ ცხოველთა გასეირნების წესებს, განაცხადა მან.
პარკებში არსებობს სპეციალური სივრცეები ძაღლების გასეირნებისთვის, მაგრამ ეს ზონები ცარიელია, ხოლო ძაღლებს სახლთან ახლოს ალიკაპისა და საბმელის გარეშე ასეირნებენ, აღნიშნა კობიაშვილმა.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ეს წესები (ძაღლების გასეირნების - რედ.) და დავიცვათ როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების უსაფრთხოება“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის ქუჩებში გაცილებით მეტი მიუსაფარი ცხოველია, ვიდრე შინაური და ისინი უფრო თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩებში, შემოსული საჩივრების უმეტესობა სწორედ მიუსაფარ ცხოველებს ეხება, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ბევრი საჩივარი შემოდის გაზაფხულსა და ზაფხულში.
შინაური ცხოველების მოვლის წესები გამკაცრდება, განაცხადა სააგენტოს უფროსმა. პარლამენტი შინაური ცხოველების კანონპროექტზე მუშაობს. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს ცვლილებებზე, რომელიც შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლში, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გასეირნების წესების დარღვევისთვის.
„დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გვექნება უკვე ეს ცვლილებები შეტანილი და ვფიქრობ რომ ეს დადებითისკენ შეცვლის სიტუაციას“, - აღნიშნა კობიაშვილმა.
კონკრეტულად, რა ცვლილებებია მოსალოდნელი, უახლოეს დროს გახდება ცნობილი.
ჯარიმა შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის 8 ლარს შეადგენს. გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.