დედაქალაქში წიგნის ფესტივალი Tbilisi International Book Festival გაიმართება

წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა პოლონეთი იქნება.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალი (Tbilisi International Book Festival) სტუმრებს საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს სივრცეში 25-28 მაისის პერიოდში უმასპინძლებს.
ტრადიციულად Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური გამომცემლობებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, მე-5 და მე-6 პავილიონებში კი – საბავშვო წიგნები და შესაბამისი აქსესუარები.
Tbilisi International Book Festival 2022
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული იქნება როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ისე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის.
ფესტივალის სტუმრებს ასევე გაეცნობიან ქართველი არტისტების წიგნებს პროექტის „მსახიობები ლიტერატურისთვის“ ფარგლებში.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ქვეყნების ფოკუს-პროგრამაა. წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს-ქვეყანა პოლონეთი იქნება. ღონისძიება თბილისში პოლონეთის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება.
ვინც ფესტივალზე ვერ მოხვდება, ღონისძიებებს ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გვერდზე სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.
ფესტივალის მიზანი 1997 წლიდან უცვლელია – საქართველოში კითხვის პოპულარიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარება.
Tbilisi International Book Festival 2022
ტრადიციულად ფესტივალის ყოველწლიური მონაწილეები არიან ქართველი და უცხოელი გამომცემლები, უნივერსიტეტები, სკოლები, წიგნის მაღაზიები, ბიბლიოთეკები, საელჩოები, არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ფესტივალის ძირითადი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც დამთვალიერებელს ელოდება წიგნების ფართო ასორტიმენტი და აქსესუარები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.