თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო პარტნიორების რეკომენდაციით არ მონაწილეობს აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმილ წვრთნებში Defender 2023, ნათქვამია უწყების განცხადებაში ოპოზიციური მედიის ბრალდებების საპასუხოდ.
ოპოზიციურმა ტელეარხებმა ეს თემა 2023 წლის წვრთნების დაწყების შემდეგ წამოწიეს. მათი აზრით, საქართველომ უკრაინის კონფლიქტისა და მთავრობის პოლიტიკის ფონზე ნატოსთვის თავისი მნიშვნელობა დაკარგა.
„სამწუხაროდ, აღნიშნული მიკერძოებულად გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მორიგ პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ ზემოთ აღნიშნულ ამოცანებს, მათ შორის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველო წელს ნატოს და ევროპის 10 სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.
ოპოზიციური მედიის ვარაუდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც გამოეხმაურა და მათ სპეკულაცია უწოდა.
ამავე დროს მინისტრმა აღნიშნა, რომ სწავლება უკავშირდებოდა ხარჯებს, რაზეც საქართველომ უარი თქვა.
წვრთნები 7 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება.