თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ აბსურდული უწოდა უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს.
სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს, რითაც გააპროტესტეს კალაძის განცხადებები იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ზაფხულში. მერის თქმით, მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე.
„როდის გამიკეთებია ანტიდასავლური განცხადება, ერთი მაგალითი მოიყვანონ - „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციაზე კალაძის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება დააანონსეს და განაცხადეს, რომ პარტნიორებს მიაწვდიან კონკრეტულ მასალებს იმის შესახებ, თუ როგორ „უთხრის ძირს კალაძე ქართულ დემოკრატიას და ევროინტეგრაციას“. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ევროპამ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი უნდა განიხილოს.
საპასუხოდ, კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდა კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და ზოგადად პროდასავლურობასთან.
„დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.