მსოფლიო დღეს

WB: ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში მსოფლიოს სამუშაო ადგილების მეოთხედს ჩაანაცვლებს

Sputnik
თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში სამუშაო ადგილების თითქმის მეოთხედს ჩაანაცვლებს, რაც პირველ ეტაპზე შრომის ბაზარზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა მთლიანობაში მისი გავლენა დადებითი იქნება, წერს ბლუმბერგი მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშზე დაყრდნობით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ამ დროისათვის დასაქმებას დიდ საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკური ფაქტორები – ეკონომიკური ზრდის შენელება, მიწოდების ნაკლებობა და ინფლაცია.
ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ხელოვნური ინტელექტით ადამიანების საქმიანობის ჩანაცვლება შრომის ბაზარზე დარღვევებს გამოიწვევს, ზოგადად ახალი ტექნოლოგიების უმეტესობის გავლენა შრომის ბაზარზე დადებითი იქნება. მათი აზრით, კიბერუსაფრთხოების, დიდი მონაცემების დამუშავებისა და მდგრადი მართვის ტექნოლოგიების სპეციალისტების გაზრდილი საჭიროება მსოფლიოში დასაქმების ზრდის მთავარ ფაქტორად იქცევა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ChatGPT-ს მსგავსი ტექნოლოგიების გაჩენა ხელს შეუწყობს ისეთი თანამდებობების ავტომატიზებას ან ჩანაცვლებას, რომლებიც კომუნიკაციასთან და პროცესების კოორდინაციასთანაა დაკავშირებული.
მსოფლიო ბანკის მიერ გამოკითხული 800 კომპანიის დაახლოებით 75%-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მათი შეფასებით, ამ ცვლილებების შედეგად 26 მილიონამდე სამუშაო ადგილი შემცირდება. სამსახურებიდან გათავისუფლება შეეხება ადმინისტრაციულ და საანგარიშო თანამდებობებზე მყოფ თანამშრომლებს, მათ შორის მოლარეებსა და ბუღალტრებს.