თბილისი, 1 მაისი – Sputnik. ქალაქ ფოთში ურანის 2 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობის საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პროკურორ მაია სილაგაძეზე დაყრდნობით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიაქტიური ნივთიერების - ურანის - უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ეს არის სოფელ ქვედა ჩხოროწყუს მცხოვრები, 52 წლის ილია ბელქანია.
„გამოძიებას მოპოვებული აქვს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა აღნიშნულ პიროვნებას ეს ნივთიერებები. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ახალი დაწყებულია და კვლავ ტარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ამ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა სილაგაძემ.
ამოღებულია რადიოაქტიური ნივთიერება „ურანი" - რაც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და რომელთანაც შეხებაც კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, აღნიშნა მან.
დაკავებულის დედის თქმით, მათ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა არაფერი არ ამოუღიათ. მეზობლების თქმით, 52 წლის მამაკაცი შშმ პირია და ძირითადად სულ სახლში იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახით ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველო იძიებს. დაკავება პროკურატურასთან თანამშრომლობით განხორციელდა.