„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები გამოთქვამენ შეშფოთებას პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე ფეხბურთის მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო აქცია ლოზუნგებით „არა ომს“, „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“.
აქციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე შეკრებილებმა „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ შეხვედრას უყურეს და უქომაგეს „ნაპოლის“ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას. სცენაზე დიდი ეკრანი დაამონტაჟეს, სადაც სერია А-ს 32-ე ტურის თამაში გადიოდა.
ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურ ხასიათს ატარებს და გამოხატავს საზოგადოების შეშფოთებას პოლარიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებისა და ანტისახელმწიფოებრივი აქციების გამო.
აქცია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მომღერალ „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძის) სიმღერით დაიწყო. შემდეგ კი შეკრებილებს რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა.
„ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ უნდა ვწყვეტდეთ. მოვდივართ იმიტომ, რომ დასრულდეს ეს დამღუპველი აგრესია და გაუცხოება. ავიცილოთ ის მზაკვრული ჩანაფიქრი, მომართული ჩვენი ქვეყნის მიმართ. შევინარჩუნოთ წონასწორობა, რათა ვერავინ შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების ხელყოფა“, - მიმართა შეკრებილებს პაპუაშვილმა.
ზაზა პაპუაშვილის თქმით, შეკრებილები მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ ქვეყანასთან, მაგრამ არა საკუთარი იდენტობის გაქრობის ხარჯზე.
„ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ბედი არ გადაწყდება მოსკოვში, ვაშინგტონში, ბრიუსელსა თუ კიევში.
აქციის ბოლოს ორგანიზატორები აპირებენ რეზიუმეს მსგავსი წერილის შედგენას აქციის შედეგებზე.