თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 29 აპრილს არჩევნები სატესტო რეჟიმში გაიმართა და გამოჩნდა ყველა პლუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს, განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
29 აპრილს საქართველოში შუალედური საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები შაბათს გაიხსნა. ამომრჩეველმა ხმა მისცა 164 საარჩევნო უბანზე. არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა. ამავდროულად, ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ფართო მასშტაბით იყო გამოყენებული.
„ეს წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დაიხვეწოს, ზუსტად ვიცოდეთ, გამოწვევები რა არის, ამ პრობლემებთან დაკავშირებით გავამახვილოთ ყურადღება, საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ პრაქტიკული გადაწყვეტა საჭირო, ამაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ამომრჩევლის ხმები 164-დან 117 უბანზე დაითვალეს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ადგილისთვის ბრძოლაში ფოთის, სენაკისა და ხობის ოლქებიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხახუბია ლიდერობს. რომელმაც ხმების 95,304% მოაგროვა.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
წინასწარი შედეგებით, ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ 5.331 ხმა მოიპოვა, გურჯაანში ზურაბ მუხულიშვილმა - 1.341 ხმა (100%), როინ ნებაძემ ახალციხეში - 463 ხმა (100%), იოსებ მატურელმა თიანენტში - 345 ხმა (100%).
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კერესელიძემ ხმების 86,62% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი გაგოშიძემ - 13,38%.
ლევან ზალკალიანმა, რომელიც ცაგერის მერობის ერთადერთი კანდიდატი იყო და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა, 2158 ხმა მიიღო, ხოლო თერჯოლის მერობის ერთადერთმა კანდიდატმა, ასევე მმართველი პარტიიდან მანუჩარ რობაქიძემ - 9559 ხმა.