საქართველოს მასშტაბით ქართული კინოს დღე გაიმართება

წელს ქართული კინემატოგრაფიის 115 წლის იუბილე აღინიშნება
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. 15 მაისს, ქართული კინოს დღეს საქართველოს ქალაქებში ქართული კინოს მარათონი დაიწყება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
ქართული კინოს იუბილეს, კერძოდ კი 115 წლის იუბილეს, ქვეყანა აღნიშნავს ფილმების მარათონით ეროვნული კინოს საგანძურიდან. ჩვენებების პროგრამა ღია გამოკითხვის შედეგად თავად მაყურებელმა შეარჩია.
კადრი ფილმიდან „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" - რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე.
ქართული კინოს დღის პროგრამაში შემდეგი ფილმები შევიდა:
„აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, რეჟისორი - ვასილ ამაშუკელი;
„ჩემი ბებია", რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე;
„ჯიმ შვანთე", რეჟისორი - მიხეილ კალატოზიშვილი;
„ქეთო და კოტე", რეჟისორი - ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი;
„დიდი მწვანე ველი", რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი;
„ერთი ნახვით შეყვარება", რეჟისორი - რეზო ესაძე;
„ცისფერი მთები" , რეჟისორი - ელდარ შენგელაია;
„უძინართა მზე", რეჟისორი - თემურ ბაბლუანი;
„სამი სახლი", რეჟისორი - ზაზა ურუშაძე;
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" - რეჟისორი - ალექსანდრე კობერიძე.
კინოჩვენებები თბილისის ორ კინოთეატრში და საქართველოს 16 ქალაქში გაიმართება.
სესილია თაყაიშვილი „ცისფერი მთების“ გადამღებ ჯგუფთან ერთად
აღსანიშნავია, რომ კინომარათონს შემოუერთდნენ საქართველოს საელჩოები ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში. შესაბამისად, 15 მაისს ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს აღნიშნულ ქვეყნებშიც ექნება.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო პროგრამის მონაწილე ყველა ფილმი წარმოდგენილი იქნება ინგლისური სუბტიტრებით.