თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ამ დროისთვის ათივე მუნიციპალიტეტში, სადაც შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები ტარდება.
კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეუძლია.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად იმართება, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ ამომრჩევლები უბრალოდ არჩეული კანდიდატის ნომერს შემოხაზავენ.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები.
იოსელიანის განცხადებით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მალევე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხებულა.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას გათვალისწინებული და დაზღვეული აქვს ყველა შესაძლო რისკი და ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხდება.
გარდა ამისა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა იმ სიახლეებზეც, რომლებიც ამომრჩევლებს ამ არჩევნებზე დახვდა.
„იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან“... პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. ეს არის ერთ-ერთი იმ სიახლეებიდან, რომელსაც დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს ამომრჩევლებს“, – აღნიშნა იოსელიანმა.
რაც შეეხება აქტივობას, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მისული იყო 22.557 (12,19%) ამომრჩეველი.
„ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ცაგერში დაფიქსირდა, სადაც მოსულია ამომრჩეველთა 25,3 %. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა იოსელიანმა.
პრეს-სპიკერმა შეახსენა ამომრჩეველს, რომ საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ, ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით – cesko.ge.
„ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი.
იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობს, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.