რიგგარეშე და შუალედური არჩევნები საქართველოში: ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

რამდენიმე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა პარლამენტის დეპუტატს, ორ მერსა და ასევე საკრებულოების დეპუტატებს ირჩევდა
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართა.
ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. არჩევნების პირველი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი. ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.
კენჭისყრა 165 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 185.086 ამომრჩეველს შეეძლო. 10 მუნიციპალიტეტში მიმდინარე არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობამ 24,47 % შეადგინა.
117 საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად გაიმართა, სადაც ამომრჩევლები ბიულეტენზე არჩეული კანდიდატის გადასწვრივ წრეს ავსებდნენ. დანარჩენ უბნებზე კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში წარიმართა და იქ ამომრჩევლებს არჩეული კანდიდატის ნომერი უნდა შემოეხაზათ.
იმ უბნების შემთხვევაში, სადაც კენჭისყრა ელექტრონულად ჩატარდა, არჩევნების წინასწარი შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი.

ვის ირჩევდა მოსახლეობა

დღეს კონკრეტული რაიონების მოსახლეობა საქართველოს პარლამენტში ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა.
გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის მოსახლეობა საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევდა.
ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნები გაიმართა.
არჩევნებში კონკურენცია საკმაოდ მცირე იყო: მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ერთი ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა - გიორგი ხახუბია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და ბესიკ წულეისკირი პარტია „თავისუფალი საქართველოდან“.
ქუთაისის, გურჯაანის, ახალციხისა და თიანეთის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში თითო-თითო კანდიდატი იყო წარმოდგენილი. მიხეილ გიორგაძე, ზურაბ მუხულიშვილი, როინ ნებაძე და იოსებ მათურელი მმართველ პარტიას წარმოადგენენ.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გიორგი კერესელიძეს დეპუტატობის ადგილისთვის ბრძოლა დამოუკიდებელ კანდიდატ გიორგი გაგოშიძესთან უწევდა.
ხოლო მერის არჩევნებზე კონკურენცია საერთოდ არ ყოფილა: ცაგერსა და თერჯოლაში მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატები ლევან ზალკალიანი და მანუჩარ რობაქიძე იყვნენ.

მედია და დამკვირვებლები

საარჩევნო პროცესს 12 ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 55 დამკვირვებელი აკვირდებოდა.
ასევე, არჩევნებს აკვირდებოდა 258 პარტიის და 45.722 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი.
საარჩევნო პროცესს 19 მედიასაშუალების 353 ჟურნალისტი აშუქებდა.