თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ყაზახეთის თოჯინების მე-6 საერთაშორისო ფესტივალიდან „ორტეკე“ გრან-პრით დაბრუნდა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ფესტივალზე იყო წარმოდგენილი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუკი”.
ფესტივალში მონაწილეობდნენ დასები საქართველოდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, კორეიდან და ყირგიზეთიდან, რომლებმაც როგორც საბავშვო, ისე მოზრდილ აუდიტორიას თოჯინების თეატრების საუკეთესო დადგმები წარუდგინეს.
წელს საკონკურსო პროგრამაში იყო 12 სპექტაკლი, რომლებიც მონაწილე-ქვეყნების ენებზე გავიდა.
„ვულოცავთ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასა და სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
„ორტეკეს“ ფესტივალის მიზნები და ამოცანებია თოჯინების თეატრების პოპულარიზაცია, სხვა ქვეყნებთან კულტურული კავშირების გაძლიერება, ნიჭიერი არტისტებისა და რეჟისორების გამოვლენა და თეატრალური ხელოვნების განვითარება.
თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალი „ორტეკე“ 2007 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ იმართება.