დიდ დიღომში 12 წლის გოგონას მკვლელობის საქმე: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

ადვოკატის განცხადებით, ბავშვს სხეულზე 39 დაზიანება აღენიშნება
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისში დაღუპული 12 წლის გოგონას სხეულზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაში 40 მდე დაზიანებაა აღწერილი, იუწყება TV პირველი.
ანა იანუშაიტე დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, სკვერში 17 მარტის ღამით გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ, პოლიციამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნების არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დოკუმენტი ოჯახს და ადვოკატებს დღეს ჩაბარდათ, დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ გოგონა ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ გაგუდეს.
„არასრულწლოვნის სიკვდილის მიზეზი არის მექანიკური ასფიქსია, რომელსაც წინ რიგი ძალადობრივი ქმედებები უძღვოდა“, - განაცხადა დაღუპული გოგონას ოჯახის ადვოკატმა ელისო რუხაძემ.
ადვოკატის ცნობით, ექსპერტიზაში ასახულია 39 სხვადასხვა სახის დაზიანება, რომლებიც მიყენებულია როგორც სხეულზე, ისევე სახის და ყელის მიდამოებში.
„არის როგორც წვრილი მრავლობითი დაზიანებები, ასევე საკმაოდ დიდი ზომის. სამხარაული ამბობს, რომ ისინი რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული, თუმცა არის როგორც ჭრილობები, ასევე სისხლნაჟღენთები და დაზიანებები. რამდენიმე საკმაოდ მოცულობითი ჭრილობაა ფეხზე“, - განაცხადა ადვოკატმა ელისო რუხაძემ.
ახლა ოჯახი კომპლექსურ სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვს, რათა პასუხი გაეცეს კითხვას, რა ვითარებაში მიიღო მოზარდმა მძიმე დაზიანებები.
„39 დაზიანება ჩვეულებრივად ადამიანს არ მიადგება, ბავშვს კლავდნენ, ამის გამო ახლა ჩვენ უნდა მოვითხოვოთ უფრო კომპლექსური ექსპერტიზა“, - განაცხადა ბავშვის დედამ ტელეკომპანიასთან საუბრისას.
ტელეკომპანიის ცნობით, სამხარაულის ბიუროს 12 წლის გოგონას საქმეზე ჯერ კიდევ ხუთი დასკვნა აქვს მოსამზადებელი , მათ შორის არის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა, რომელმაც უნდა თქვას, იძალადეს თუ არა მოზარდზე გარდაცვალებამდე სექსუალურად.
რაც შეეხება გამოძიებას, პოლიციას საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებია. გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია ჩანაწერები შემთხვევის ადგილთან ახლოს განთავსებული ვიდეოკამერებიდან. თუმცა უშუალოდ სკვერში, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს და რომელიც არ ფუნქციონირებს, კამერები არ არის.