BIAFF: ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმების მიღებას აცხადებს

ფორუმი ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალმა BIAFF ფილმების მიღება გამოაცხადა - განაცხადების შეტანის დედლაინი 2023 წლის 1 აგვისტოს იწურება, იუწყებიან ორგანიზატორები.
BIAFF ყოველწლიურად ბათუმში სექტემბრის დასაწყისში იმართება. მისი მიზანია - კულტურული გაცვლის განვითარება, კინემატოგრაფიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა კინორეჟისორების თანამშრომლობა.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF
ფესტივალის პროგრამა:
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
რეტროსპექტიული ჩვენება
ჟიურის წევრი კინორეჟისორების ფილმები
აბრეშუმის გზის ქვეყნების ფილმები
დიდოსტატთა კოლექცია
არასაკონკურსო ჩვენება
საერთაშორისო ჟიური თითოეულ კატეგორიაში შემდეგ ჯილდოებს გადასცემს: გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საკონკურსო პროგრამაში უპირატესობა საერთაშორისო ან კავკასიურ პრემიერებს მიენიჭება.
დამატებითი ინფორმაცია განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესის შესახებ ფესტივალის რეგლამენტშია წარმოდგენილი. ჟიური საკონკურსო ფილმების შერჩევას 20 აგვისტოს დაასრულებს.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
წყარო - საერთაშორისო ფესტივალ BIAFF-ის ოფიციალური ვებგვერდი