თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. იანვარი–მარტის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37,5%-ით გადააჭარბა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან ევროკავშირის ქვეყნები, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვ.
კერძოდ, იანვარი-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 64,7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136,1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან.
„ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევიან ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები", – აღნიშნავენ უწყებაში.
კორონავირუსის პანდემიამდე, რომელმაც ტურიზმის სფერო განსაკუთრებით დააზარალა, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის ამ სფეროს აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს ტურიზმმა რეკორდულ წარმატებას 2019 წელს მიაღწია, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2021 წლიდან ტურიზმის აქტიური აღდგენა დაიწყო, თანდათანობით მოიხსნა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, გაიხსნა ქვეყნის საზღვრები.