თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის 33,6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გომბორის გზა ტრანსპორტის მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რომლითაც სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყანაში შემოსული ტურისტები.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაცია.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,7 მლნ ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა.
გარდა ამისა, იგეგმება მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ტროტუარების, მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების გარემონტება, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსების გაჩერებებისა და ავტოპავილიონის კეთილმოწყობა.