ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციაზე წარდგება

კონფერენცია არის იმ პოლიტიკური შეხედულებებისა და ღირებულებების ფართო პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, განაცხადა უნგრეთის ელჩმა საქართველოში.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. ორგანიზატორების ვებგვერდზე 52 გამომსვლელს შორის ირაკლი ღარიბაშვილია მოხსენიებული.
საქართველოში უნგრეთის ელჩის, ანა მარია შიკოს განცხადებით, ღარიბაშვილმა კონფერენციაზე მიწვევა ორგანიზატორებისგან მიიღო.
„პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიწვევა ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, რომელიც ეხება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ“, - განაცხადა ელჩმა.
პრემიერის მომავალ გამოსვლას მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, პრემიერი ყოველთვის წარდგება იქ, სადაც არის „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია ჩვენი ღირებულებების, ქართველობის დაცვა, რომელიც დემოკრატიასთან შეთავსებადია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
წელს კონფერენცია გაიმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ“. კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“.