თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. გამოფენა „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წლებში“ გაიხსნება 27 აპრილს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები აღნიშნული პერიოდის ქართულ საეკლესიო მხატვრობასთან დაკავშირებულ გამორჩეულ ადგილებს, ადამიანებს, ქმნილებებს გააცოცხლებს“, - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.
გამოფენა „ქართული საეკლესიო მხატვრობა 1900-1921 წლებში“
© Courtesy of National Archives of Georgia
დამთვალიერებელი გაეცნობა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე თვითნასწავლი თუ პროფესიონალი, ქართველი თუ უცხოელი მხატვრების (დიმიტრი შევარდნაძე, ჰენრიკ ჰრინევსკი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი და სხვ.) საეკლესიო ხელოვნებას.
გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივსა და მხატვრების საოჯახო არქივებში, ასევე შეგროვილია იმჟამინდელი პერიოდიკიდან და საკუთრივ საეკლესიო მოხატულობების შესწავლის შედეგად.
გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.