თავისუფალი თეატრი უნგრეთში „რიჩარდ III"-ს და „ოტელოს" წარადგენს

ქართველი მსახიობები ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე 26 და 27 აპრილს გამოვლენ.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისის თავისუფალი თეატრი ორი სპექტაკლით გამოვა მე-10 საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე, რომელიც უნგრეთში ტარდება, განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა.
საერთაშორისო თეატრალური ოლიმპიადა სხვადასხვა ქვეყანაში ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს უნგრეთის ქალაქებში სხვადასხვა თეატრალური ჯგუფის სპექტაკლებს სამი თვის განმავლობაში უჩვენებენ.
ოლიმპიადაზე წარმოდგენილია ძირითადი და ღია პროგრამები. წელს მაყურებელი მთავარ პროგრამაში 30 სპექტაკლს, ღია პროგრამაში კი 1,5 ათას სპექტაკლს იხილავს.
მთავარი პროგრამის სპექტაკლებს ირჩევს კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი რეჟისორებითა და კრიტიკოსებით. მთავარ პროგრამაში მიწვეული მსახიობების მგზავრობისა და დაბინავების ყველა ხარჯს ოლიმპიადა ფარავს. ოლიმპიადაზე კონკურსი არ ტარდება და, შესაბამისად, საპრიზო ადგილებიც არ არის.
თავისუფალი თეატრი უნგრეთში წარდგება ორი სპექტაკლით – „რიჩარდ III" და „ოტელო", რომლებიც ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. მსახიობები 26 აპრილს ბუდაპეშტის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე „რიჩარდ III"-ს ითამაშებენ, 27 აპრილს კი „ოტელოს".
ვარსიმაშვილის თქმით, ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა ორმაგად ამაღელვებელია, რადგანაც თავისუფალი თეატრის ნამუშევრები თანამედროვე მსოფლიო თეატრის ისეთი ოსტატების სპექტაკლების გვერდით იქნება, როგორებიც არიან ტადაში სუზუკი, თეო თეროპულოსი, კრისტოფერ მარტალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრის პაპაიოანუ და სხვები.