აქონდროპლაზია საქართველოში: პრეზიდენტი ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებს გაეცნო

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების პრობლემების შესახებ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს და პრეპარატის დაფინანსება მოითხოვეს
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.
სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს და მათ მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების პრობლემების შესახებ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა თბილისში პერმანენტული საპროტესტო აქციები გამართეს და სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აქონდროპლაზიის სამკურნალო მსოფლიოში პირველი პრეპარატის - „ვოქსზოგოს“ (ვოსორიტიდი) დაფინანსება მოითხოვეს.
დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრთან სალომე ზურაბიშვილი შეიტყო ბოლო ინფორმაცია ბავშვების მკურნალობის შესახებ და სამინისტროს გეგმებს დეტალურად გაეცნო.

აქონდროპლაზია საქართველოში

აქონდროპლაზია უვითარდება 25 ათასიდან ერთ ბავშვს. მასმედიის ინფორმაციით, საქართველოში ეს დიაგნოზი 12 ბავშვს აქვს დასმული.
რაც შეეხება პრეპარატ „ვოქსზოგოს“, მთავრობა მზად არის თანხები გამოყოს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეპარატი კვლევებს გაივლის და მის გამოყენებაზე რეკომენდაციას ჯანმო გასცემს.
იშვიათი დაავადებების საკითხებზე საკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 2023 წლის აპრილის დასაწყისში არ მისცა გასცა რეკომენდაცია იშვიათი დაავადების – აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატ „ვოქსზოგოს" („ვოსორიტიდი“) შესყიდვაზე. ეს პრეპარატი 2021 წელს შეიქმნა.
ჯანდაცვის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ როგორც კი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა პრეპარატის დანერგვას დაიწყებს, ჯანდაცვის უწყებაც გადავა მომწოდებლებთან მოლაპარაკებებზე.
მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ პრეპარატი დაავადებას არ კურნავს, მხოლოდ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.
ერთ ბავშვზე პრეპარატის წლიური დოზის ღირებულება 900 ათას ლარს აღწევს. პრეპარატის გამოყენება აუცილებელია სრულწლოვანებამდე, ხოლო მაქსიმალური ეფექტი წამლისგან, კვლევების თანახმად, წელიწადში 1,6 სანტიმეტრით ზრდაა. პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში.