თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოდან რეგულარულ რეისებს მსოფლიო 31 ქვეყანაში 88 მიმართულებით 43 ავიაკომპანია შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
რეგულატორმა 2023 წლის ზაფხულის ნავიგაციის პერიოდში (28 ოქტომბრის ჩათვლით) იმ ავიაკომპანიების საჰაერო მოძრაობის განრიგი დაამტკიცა, რომლებიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე მუშაობენ.
სააგენტოს ინფორმაციით, კვირაში რეისები საშუალოდ 555 სიხშირით შესრულდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონზე გაცემული სიხშირეების რაოდენობაზე 3%-ით მეტია.
ზაფხულში დაგეგმილია ფრენები ევროპის 44 მიმართულებით, რაც 17 ყოველდღიურ და 126 ყოველკვირეულ სიხშირეს უტოლდება.
ასევე მნიშვნელოვანია მიმართულებების წილი სპარსეთის ყურიდან (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კუვეიტი, ომანი და კატარი). მიმდინარე ზაფხულში დღეში საშუალოდ 20 რეისი და კვირაში 138 რეისი განხორციელდება 16 მიმართულებით.
ამავე დროს, სააგენტოში გრძელდება განაცხადების მიღება ავიაკომპანიებისგან დამატებით რეგულარულ და სეზონურ მრავალჯერად ჩარტერულ რეისებზე.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 4.839 რეისი, რაც 22%-ით მეტია 2022 წლის იანვარი–მარტის მონაცემებზე, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელია 93%.