თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეზობლის მკვლელობისთვის 53 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, ასევე 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.