ხარვეზი აღმოფხვრილია - შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო იყო შეჩერებული.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
25 აპრილის დილიდან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ცენტრის მუშაობა სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო იყო შეჩერებული. ხარვეზის აღმოსაფხვრელად ტექნიკური სამუშაოები ჩატარდა.
შემოსავლების სამსახური, ყოველი შემთხვევისთვის, ტელეფონის ნომერსაც უთითებს: +995 032 2 299 299.
შემოსავლების სამსახურის ფუნქციებს შორის არის გადასახადის/გადახდების გადამხდელებისთვის მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; კომპეტენციის ფარგლებში გადასახადების/გადახდების, აგრეთვე შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირება; მონაწილეობა გადასახადების/გადახდების შესახებ სამართლებრივი აქტების მომზადებაში, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებში.
2023 წლის თებერვალში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი Infohub.rs.ge აამოქმედა.
Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად ახლდება ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც ეხება როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებს, მათ შორის საკანონმდებლო აქტებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს.