თბილისი, 25 აპრილი − Sputnik. შეერთებული შტატები ზედიზედ მეორე წელია, რაც რუსეთის საელჩოს არლინგტონის სასაფლაოზე „ელბის სულის“ მემორიალურ დაფასთან ყვავილების გვირგვინის დადების ტრადიციული ცერემონიის ჩატარებას უკრძალავს, რომელიც მდინარე ელბაზე 1945 წელს მოკავშირეთა შეხვედრის წლისთავს ეძღვნება, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
გარდა ამისა, ანტონოვის თქმით, გასულ წელს რუს დიპლომატებს ასევე არ მისცეს უფლება, სწვეოდნენ ანკორიჯში მდებარე ფორტ-რიჩარდსონის სასაფლაოს, სადაც საბჭოთა მფრინავები არიან დაკრძალული.
როგორც ელჩი აცხადებს, მოსკოვს სულ უფრო და უფრო უჭირს გააგებინოს ვაშინგტონს, რაოდენ მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის გმირების სახელების უკვდავყოფა და მათი ხსოვნის შენახვა.
„ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ვეტერანებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მათი დიდებული გმირობა ახსოვს. ქედს ვიდრეკთ და ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ ანტიჰიტლერული კოალიციის ყველა წევრის მიმართ, რომლებიც თავისუფლებისა და პლანეტაზე მშვიდობიანი მომავლისთვის იბრძოდნენ“, — აღნიშნა ანტონოვმა.
ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებმაც ნაცისტური გერმანია დაამარცხეს, 1945 წლის 25 აპრილს შეხვდნენ მდინარე ელბაზე. ეს მოვლენა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების სამოკავშირეო ურთიერთობების უმაღლეს წერტილად მიიჩნევა.