ქართული ღვინო RAW WINE-ის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა RAW WINE-ზე ქართული ქვევრის ღვინო იყო წარდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოდან გამოფენაში ღვინის რვა მარანი მონაწილეობდა. გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქართული მარნების ღვინოებს: „ბაიას ღვინო“, „იბერიული“, „მარანი სილოვანი“, „მუშკუდიანის მარანი“, „ნიკალას მარანი“, „ანაპეა“, „სიმონ ჩხეიძეს ღვინის მარანი“ და „ველინო“.
წელს გამოფენაში 14 ქვეყნის 80-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის ამერიკელი, ფრანგი, ბრიტანელი, ესპანელი, გერმანელი, იტალიელი, ჩილელი მეღვინეები.
სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ტრადიციულად დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და მასმედიის მხრიდან. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, მის კულტურასა და ისტორიას.
RAW Wine ითვლება ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
მინისტრი: 2022 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გავიდა>>>
აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრის ფასი 6 დოლარს აღემატება.
ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
2023 წელს ქართული ღვინო აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება გამოფენილი. მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2023 წლის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.