ქალთა წინადაცვეთა საქართველოში - დეპუტატი შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს

2017 წელს საქართველოში ქალთა წინადაცვეთა სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარეს
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა მოუწოდა პოლიციას, რეაგირება მოახდინოს კახეთის სოფლებში ქალთა შესაძლო წინადაცვეთის ფაქტებზე.
ქალთა წინადაცვეთის შესაძლო ფაქტების შესახებ საუბარი ტელეარხ „რუსთავი2“-ის სიუჟეტში იყო. ტელეარხის მონაცემებით, ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ძირითადად ეთნიკური ავარები ცხოვრობენ, საკანონმდებლო აკრძალვის მიუხედავად, ქალთა წინადაცვეთა კვლავ არსებობს. კანონის გამკაცრებამ ტრადიციის გასაიდუმლოება გამოიწვია, ამიტომ ცდილობენ დამალონ სად და ვინ უკეთებს ბავშვების წინადაცვეთას.
„მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინოს სიუჟეტში აღნიშნულ შესაძლო ფაქტებზე მყისიერი რეაგირება, დაიკითხოს ყველა პირი და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა განახორციელონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები," - განაცხადა წილოსანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მიუღებელია ტელეარხის ქმედება, რომელმაც ქალთა წინადაცვეთა ხალხურ ტრადიციად მოიხსენია.
„კატეგორიულად მიუღებელია მასობრივი მედიის საშუალებებით კანონმდებლობით აკრძალული ძალადობრივი ქმედების ისე ნორმალიზება, როგორც ჩვეულება და ტრადიცია“, - განაცხადა მან.
2017 წლიდან საქართველოში ქალთა წინადაცვეთა - რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.
2016 წელს „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) გამოაქვეყნა საკუთარი კვლევების შედეგები, რომელთა თანახმად, საქართველოს სამ სოფელში: სარუსოში, ჭანთლისყურესა და თივში ავარიელთა თემში მცხოვრები ასობით მუსლიმი გოგონა ბავშვობაშია წინადაცვეთილი. ეს ფაქტი დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც.