პოლიციამ პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ოთხი ადამიანი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც თბილისში მდებარე მასაჟის ერთ-ერთი სალონის მფლობელი იყო, და ამავე ობიექტის მენეჯერები გარკვეული თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მომსახურების მიზნით მასაჟის სალონში არსებულ ოთახებს გადასცემდნენ.
„აღნიშნული ქალები სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან ბრალდებულებს გარკვეულ თანხას უხდიდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის მუხლით მიმდინარეობს.