ევროკავშირში აღიარეს საქართველოს წარმატებები რეფორმების გატარების კუთხით

საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს 2023 წლის ბოლოსთვის მიიღებს.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში, ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ლუქსემბურგში მინისტერიალის შედეგების მიხედვით.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადილის დროს არაფორმალური საუბარი გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მისი დემოკრატიის განმტკიცების აუცილებლობას.

„მსჯელობამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში, და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მასმედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
სპიკერი: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის არმინიჭება არაკეთილმოსურნეებს აძლიერებს>>
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
უფრო ადრე საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უარს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების დიდი ნაწილი შეასრულა და უფრო მეტ პროგრესს მიაღწია, ვიდრე უკაინამ და მოლდოვამ.