„ბათუმობას" 29 აპრილს იზეიმებენ

წელს, როგორ წინა წლებში, ხელისუფლება ბათუმელებს სხვადასხვა გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით 29 აპრილს აღინიშნება, ნათქვამია ბათუმის მერიის განცხადებაში.
„ბათუმობა" ტრადიციულად სექტემბრის დასაწყისში აღინიშნებოდა, თუმცა 2019 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შემდეგ, ხელისუფლებამ დღესასწაულის გაზაფხულზე გადატანა გადაწყვიტა. წელს ბათუმელები ქალაქის 135-ე იუბილეს იზეიმებენ.
ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათზე საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით და ნახონ მიუზიკლი „და აი ჩვენ აქ ვართ Mamma Mia”.
ბათუმი, ბულვარის ტერიტორია
საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და სპორტული აქტივობები, კულტურული ღონისძიებები, კლასიკური, თანამედროვე და ქართული ფოლკლორის კონცერტები, გამოფენები, ბათუმში და ბათუმზე გადაღებული ფილმების ჩვენება, ანიმატორების წარმოდგენა.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სპორტულ ღონისძიებებში, დაათვალიერონ ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დაესწრონ ფილმების ჩვენებას. დღესასწაულის პატარა სტუმრებისთვის კი საბავშვო კუთხე გაიხსნება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები.
დღესასწაულზე საპატიო ბათუმელებს დააჯილდოვებენ. სულ ბოლოს კი „ბათუმობა" გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.