თბილისი, 24 აპრილი − Sputnik. ტოკიომ მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და ჰაბომაის კუნძულების მკვიდრთა კავშირი“ არასასურველად ცნო. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა.
ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე მან არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩრდილოეთის კუნძულების ყოფილი მცხოვრებლებისა და მათი შთამომავლების ორგანიზაცია“ უწოდა, რომელიც რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას უჭერს მხარს.
ამასთან, მაცუნოს თქმით, კუნძულის ყოფილი მოსახლეობა ოცნებობს, რომ ტერიტორიული პრობლემა გადაიჭრას და წინაპართა საფლავების მონახულება შეძლონ.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იაპონური არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩისიმასა და ჰაბომაის კუნძულების მკვიდრთა კავშირი“ პარასკევს გამოაცხადა არასასურველად, რადგან მიიჩნია, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავს მიზნად, რაც რუსეთის კონსტიტუციურ წყობასა და უშიშროებას უქმნის საფრთხეს. პროკურატურაში მაჩნიათ, რომ ორგანიზაცია რუსეთისთვის მისი ტერიტორიის ნაწილის — კუნაშირის, იტურუპისა და კურილის მცირე ქედის ჩამოჭრას ცდილობს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. აღნიშნული კუნძულები საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის შედეგების საფუძველზე გადაეცა. თუმცა 1951 წელს საბჭოთა დელეგაციამ ხელი არ მოაწერა სან-ფრანცისკოს ზავს, რომელშიც იაპონიასთან ომის შედეგები მტკიცდებოდა, მაგრამ არ იყო შესული სსრკ-ის სუვერენიტეტის საკითხი კურილებზე.
1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა, მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.