თბილისის ქუჩების სისტემატური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

გრაფიკით მოირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები, გზები, ნაგავშემკრები კონტეინერები და ტრანსპორტის გაჩერებაზე არსებული მოსაცდელები.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დღეიდან, 24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების სპეციალური ხსნარებით სისტემატური მორეცხვა დაიწყო, იუწყება თბილისის მერია.
როგორც „თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, დღეს მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა, ხოლო როგორც კი ამინდი გამოვა, დაიწყება ქუჩების სისტემატური მორეცხვა.
„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილის დავით გელოვანის განცხადებით, ამჯერად მოირეცხა 15 მიწისქვეშა გადასასვლელი, ხოლო წვიმიან ამინდში ქუჩის მორეცხვის საჭიროება არ არის.
„ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები თბილისის მასშტაბით მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება", – აღნიშნა გელოვანმა.
დედაქალაქის ქუჩები 24 აპრილიდან სისტემატურად მოირეცხება>>
მანამდე დასუფთავების ახალი პროექტის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 24 აპრილიდან დედაქალაქის 100-ზე მეტი ქუჩა სპეციალური ახალი ტექნიკით დასუფთავდება, რომელიც მერიამ უკვე შეიძინა.
დასუფთავების სამუშაოები განხორციელდება როგორც გზის სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, პანდუსებზე, ხიდებსა და გვირაბებში.
მთელი ზაფხულის განმავლობაში ქუჩების დასუფთავება სპეციალური ტექნიკით ყოველდღიურად 24:00-07:30 საათამდე პერიოდში გაგრძელდება. გამონაკლისი წვიმიანი დღეები იქნება.