თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივაზე: მოსამართლეების გასამართლება ანომალიაა

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხი მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართველი მოსამართლეების გასამართლება სურთ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
გასულ კვირაში მართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" სამჯერ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. ოპოზიციამ „ქართული ოცნება" პარლამენტის ბოიკოტსა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. საპასუხოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათი პოზიცია პრინციპულია და ამით სოლიდარობას უცხადებენ მოსამართლეებს, ანუ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის აქტი.

„რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო", – განაცხადა თალაკვაძემ.

სასამართლო არის საქართველოს სახელმწიფო სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საჯარო ინტერესებს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
პრინციპის საკითხი: დეპუტატები მესამე დღეა კენჭისყრას ვერ ახერხებენ>>>
თალაკვაძის განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რადიკალურ ოპოზიციას სურს რამდენიმე მიზნით, მათ შორის, რათა ხელი შეუშალოს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
პოლიტიკოსის თქმით, კიდევ ერთი მიზანი – იმ მოსამართლეებზე შურისძიებაა, რომლებმაც მათ პოლიტიკური ლიდერების საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს. გარდა ამისა, როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, მათ სურთ, გარკვეული გავლენა მოიპოვონ სასამართლოზე და ჩაერიონ სასამართლოს დამოუკიდებლობაში.
„სწორედ ამით აიხსნება ის ანომალია და აბსოლუტური გაუგებრობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე ევროპაში მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. ჩვენ ვართ ხელისუფლება და, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის ისეთი ჩარევებისგან, როგორიც ამ შემთხვევაში სურს რადიკალურ ოპოზიციას", – განაცხადა თალაკვაძემ.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა>>>
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა. საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.