შანტაჟის ახალი ხაზი - ვინ ემუქრება ამჯერად ბიძინა ივანიშვილს

„ხალხის ძალაში“ ფიქრობენ, რომ ყოფილ პრემიერს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკოსი ნულოვანი რეიტინგით სპეცსამსახურების დავალებით ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე გადაარჩინა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი, რომლისგანაც დღეს მუქარებს იღებს, აღნიშნულია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ ივანიშვილი თავის თამაშს გააგრძელებს, მას ისე მიხედავენ, რომ ოპოზიციას არაფრის გაკეთება არ მოუწევს. მან არ გამორიცხა, რომ შეიძლება გაიცეს ივანიშვილის დაპატიმრების ორდერიც. როგორც ჩანს, ივანიშვილი ვერ აცნობიერებს, რა საფრთხე ემუქრება, განაცხადა ზურაბიშვილმა.

„სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა დავით ზურაბიშვილს თავის დროზე სიცოცხლე გადაურჩინა... მას რომ ელემენტარული ღირსება ჰქონდეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მუქარის გახმოვანებას მაინც არ იკადრებდა. მაგრამ როცა აგენტი და მონა ხარ, იქ ღირსება და მორალი რა სახსენებელია. იქ მთავარი სწორედ ღირსებისა და მორალის გადაბიჯება და დავალების შესრულებაა“, – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

როგორც განცხადების ავტორები აცხადებენ, ისინი არ გაამახვილებდნენ ყურადღებას „ურეიტინგო პოლიტიკოსის“ განცხადებაზე, ის რომ უცხოეთის აგენტი არ იყოს.
„აშკარაა, რომ ზურაბიშვილის პატრონებმა, ანუ სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის ახალი ხაზი გახსნეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორების თქმით, უკვე წელიწადზე მეტია ივანიშვილის მიმართ ფაქტობრივი ფინანსური სანქციებია დაწესებული, ყოველგვარი ახსნის გარეშე გაყინულია ასობით მილიონი დოლარი შვეიცარიის ბანკში.
„თუმცა სპეცსამსახურები დარწმუნდნენ, რომ ფინანსური სანქციით მისი გატეხვა და მეორე ფრონტზე დათანხმება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ისინი ივანიშვილს რიგითი აგენტის პირით უთვლიან, რომ რისკის ქვეშ მისი პირადი უსაფრთხოებაც კი შეიძლება დადგეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უფლება აქვს, მაგრამ წვდომა - არა: ივანიშვილი სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას ელოდება >>
ამჟამად ივანიშვილი იბრძვის თავისი ფულის მისაღებად, რომელზეც წვდომა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დაიბლოკა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან.
ივანიშვილმა წამოიწყო გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
დარჩენილი თანხა ივანიშვილმა სხვა ბანკში გადაიტანა და Credit Suisse-ის რეკომენდაციით ამ თანხის მართვა ბანკის სატრასტო კომპანიებს მიანდო. სწორედ მათ შეუქმნეს პრობლემები მილიარდერს. ივანიშვილმა და მისმა წარმომადგენლებმა თანხებზე წვდომის შეზღუდვა პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასეს.
განცხადების ავტორთა აზრით, ზურაბიშვილსა და სპეცსამსახურებს ღიად მოქმედება რომ შეეძლოთ, ივანიშვილს დემონსტრაციულად დასჯიდნენ სამი მიზეზით.
პირველი - ქველმოქმედებისთვის, მეორე - 2012 წელს სააკაშვილის „სისხლიანი რეჟიმის“ შეცვლისთვის და მესამე - პოლიტიკაში დაბრუნებასა და მეორე ფრონტის გახსნაზე უარისთვის, მიუხედავად შანტაჟისა და ზეწოლისა.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, სპეცსამსახურების გადმოსახედიდან ეს უკანასკნელი „განსაკუთრებული დანაშაულია“.
„საქართველოს არავითარი უფლება არ ჰქონდა, რუსეთთან ორი ფრონტიდან ომის სცენარში კორექტივები შეეტანა და სამხედრო კონფლიქტში არ ჩართულიყო. როდესაც „უფროსი ძმა“ ომს გთხოვს, დავალება ისე უნდა შეასრულო, რომ კითხვაც კი არ უნდა დასვა იმის შესახებ, თუ რას მოუტანს ეს ომი შენს ხალხს და ქვეყანას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორების აზრით, სპეცსამსახურები ივანიშვილს ამ სამ „დანაშაულს“ არ პატიობენ და საბანკო ანგარიშის გაყინვით აშანტაჟებენ და ახლა უკვე დაპატიმრებითაც ემუქრებიან.
„თუმცა, რაც დანაშაულია სპეცსამსახურებისთვის, გმირობაა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილს კვლავაც ვერაფერი აიძულებს, მეორე ფრონტს ხელი მოაწეროს და საკუთარი ქვეყნის განადგურებას დათანხმდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მალევე საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თავდაპირველად მიზეზი იყო უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნაზე უარი. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვის ტოლფასი, რაც ქვეყანას კატასტროფულ შედეგებს მოუტანდა.
მოგვიანებით ქართულმა ოპოზიციამ და ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება რუსეთის დახმარებაში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, ამას ტყუილს უწოდებს. მეტიც, ის სისტემატურად აღნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად – უგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას და ხმას აძლევს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს.