პროფესია ავალდებულებს იმას, რომ ქალბატონების გარეგნობაზე იზრუნოს. თუმცა ცხოვრებაშიც ესთეტია, ამიტომ თავისი ბინისა და ეზოს სილამაზეზეც ზრუნავს და ამასთან ლამაზი ფორმის სურნელოვან სანთლებსაც ამზადებს.
- ქალბატონო მეგი, ამბობენ, ქალმა ნაოჭებზე ზრუნვა მის გაჩენამდე უნდა დაიწყოსო, მართალია?
- ეს სიმართლეა. ზოგადად, ითვლება, რომ კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს. რაც უნდა დაუნდობლად ჟღერდეს ეს სიტყვები, სრული სიმართლეა. არ უნდა დაველოდოთ იმას, თუ როდის გაჩნდება პირველი ნაოჭები, ეს არასწორია. ახალგაზრდობის და კანის ბზინვარების დიდი ხნით შესანარჩუნებლად საჭიროა სახის ყოველდღიური მოვლა სწორი ჰიგიენით დაწყებული, მკვებავი საცხებით და ნიღბებით დამთავრებული. თანამედროვე კოსმეტიკა ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ სახე მრავალფეროვანი მზა ნიღბებით ხშირად ვანებივროთ. ორმოც წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის კოსმეტოლოგთან ვიზიტი მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც აუცილებელია. თუმცა სახის კანის რეგულარული მოვლის დაწყება სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად გაცილებით ადრეა საჭირო.
- ყველაზე გამაახალგაზრდავებელ საშუალებად რა მიგაჩნიათ?
- ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამაახალგაზრდავებელ საშუალებად მიმაჩნია სახის ინტენსიური მასაჟი, თუნდაც თვითმასაჟი. სხვადასხვა ბუნებრივი ზეთების დახმარებით სახლის პირობებშიც შეგვიძლია, რომ კანი ტონუსში მოვიყვანოთ. მე ბუნებრივი კოსმეტიკის და პროცედურების მომხრე ვარ. თუმცა დგება მომენტი, როდესაც კანის გასაახალგაზრდავებლად უკვე გარკვეული კორექტირება და ინექციებია საჭირო.
- ვიცი, რომ ძველ ავეჯს ახალ სიცოცხლეს აძლევთ და მათ „გაახალგაზრდავება“-განახლებაზეც ზრუნავთ...
- უზომოდ მიყვარს ყვავილები, ამიტომ მინდა, რომ ისინი რაც შეიძლება ბევრი იყოს ჩემ გარშემო. ამიტომ დავიწყე ძველი ავეჯის გადაღებვა და მათზე ყვავილების დეკუპაჟი. პანდემიამ და კარანტინმა ბევრი დრო გამომითავისუფლა. ცხოვრებაში პირველად ხელში ფუნჯი ავიღე და ყვავილები დავხატე. შედევრებს ვერ ვქმნი, მაგრამ რაც გამოვიდა, ჩემთვის დიდი მიღწევაა.
- თქვენ მიერ დამზადებულ ტაიოს სანთლებზე რას გვეტყვით?
- რაც შეეხება სანთლებს, ზოგადად მიზიდავს ცეცხლის მაგია. დამღლელი დღის ბოლოს მოდუნება არც ისე ადვილია. შევამჩნიე, რომ სანთლის შუქი ოთახში საოცრად მშვიდ და თბილ განათებას ქმნის. ერთ დღესაც ჩემი ორი გატაცება – სანთელი და ყვავილები ერთმანეთს დავუკავშირე და მათი მიქსი ულამაზესი გამოვიდა. სახელს რაც შეეხება, იაპონური სახელი – ტაიო მომეწონა. ყვავილებით მორთული ჩემი სანთლები ინტერიერში ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის. ისინი საქართველოს ველ-მინდვრებში დაკრეფილი ყვავილებითაა მორთულ-გალამაზებული. ყვავილების და ზოგადად სილამაზის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება.
- ვიცი, რომ ძველი ნივთებიც გიყვართ...
- სახლში ძველებური, ყვავილებითა და ორნამენტებით გაფორმებული ღუმელია, რაც ჩემთვის იმ სითბოსა და სიმყუდროვის ნოსტალგიაა, რომელიც ბებია-ბაბუის სახლებიდან გამომყვა. ბაღდათში, ჩემს დედულეთში ძველი თავადური სახლის ყველა ოთახში ულამაზესი ბუხარია, რაც დღემდე მაოცებს და მხიბლავს...
- როგორია სახლი, სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობდით?
- თანამედროვე ტიპის სახლები არ მომწონს. სახლი, რომელსაც ჩემთვის ავიშენებდი და თავს კარგად ვიგრძნობდი, კოშკებიანი, ფრანგული სტილის სახლი იქნება ბუხრებით, პროვანსული სტილის სამზარეულოთი და მაღალჭერიანი ოთახებით. იქ ბევრი ვინტაჟური ნივთი და ავეჯი იქნებოდა, კიდევ ბევრი ყვავილი და ცხოველი. ეს იქნებოდა სახლი, რომელიც ჩვენთვის ასე მონატრებულ სიმყუდროვესა და სიმშვიდეს გვაზიარებდა...
ნინო მამულაშვილი