კახა კალაძემ თბილისელებს ბოდიში მოუხადა

სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის მოსახლეობას ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოებით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა.
სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე 17 აპრილს დაიწყო. სამუშაოები 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. წერეთლის გამზირის აღდგენა-განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარია გამოყოფილი.

„მინდა წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ ღამის საათებში ხმაურია. მუშაობა უწევთ. 12 ლოკაციაა, სადაც ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა ამ შეზღუდვებისა და გადაკეტვის გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელება შეუძლებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დასრულდეს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაცილებით ადრე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
კალაძის თქმით, პოლიტიკური სპეკულაციაა ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დაწყება ზაფხულში ჯობდა.

„ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამუშაოები ამ დროის ნაცვლად ზაფხულში უნდა დაგვეწყო, რადგან ქალაქში ნაკლები ხალხი იქნებოდა. ვთქვათ, ასე რომ მოვქცეულიყავით, სამუშაოები თებერვალსა და მარტში გადაიწევდა. მაშინ რას ვეტყოდით მოსახლეობას?“ – განაცხადა მერმა.

თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება; დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარები; ქვეითთა გადაადგილებისთვის მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა შესაბამისი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.
მისი თქმით, ეს ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.
პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, გარემონტდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები, გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილებით და მოეწყობა გარე განათების სისტემა.