თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებმა შეიძლება საქართველოს მინიმუმ 100 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები Nile Rodgers & Chic, FKJ, The Killers და სხვა შემსრულებლები კონცერტებს გამართავენ თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში სამთავრობო კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში.
„ამ კონცერტებზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ ველოდებით როგორც პირდაპირ, ისე ირიბ შემოსავალს. შეიძლება 100 მილიონ ლარზე იყოს საუბარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კონცერტები ასევე ხელს შეუწყობს მსოფლიოში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.
„ჩვენ ახალგაზრდებისა და მსმენელებისთვის სხვა სიახლეებიც გვექნება. ვფიქრობ, წარმატებული სეზონი იქნება", – განაცხადა პრემიერმა.
კამპანია Starring Georgia-ს მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება.
Starring Georgia-მ, რომელიც ორი წელია მოქმედებს, პროექტი Check in Georgia ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოში 2020 წლამდე მოქმედებდა.
კორონავირუსის პანდემიამდე Check in Georgia-ს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მსოფლიო ვარსკვლავების მასშტაბური კონცერტები საქართველოს სავიზიტო ბარათი იყო. ამ კონცერტებმა მოიზიდა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ტურისტები მთელი მსოფლიოდან.