თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმდა განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა.
მინისტრების საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების პრობლემებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზადყოფნას კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის ორივე ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.
ბურჭულაძემ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. შეხვედრის დასასრულს ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი. მანამდე კი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციული ძალების ერთობლივი წვრთნები „კავკასიის არწივი 2022“.