საგარეო საქმეთა სამინისტრო: სუდანში მყოფი ქართველები მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე რჩება, აქედან 20 - ქართული ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც მათი შემდგომი ევაკუაცია განხორციელდება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქე რჩება, აქედან 20 - ქართული ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან, რომლებიც იქ მივლინებით იმყოფებიან.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას მათი სუდანიდან სრული ევაკუაციისთვის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მანამდე საქართველოს მოქალაქეები ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე მუშაობს.
სუდანში რეგულარულ არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები 15 აპრილის დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც სწრაფი რეაგირების ძალებმა 13 აპრილს თავისი ქვედანაყოფები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მეროეში (Merowe) განათავსეს, სუდანის არმიამ კი დაჯგუფებას ქალაქის დატოვება მოსთხოვა. გაეროს მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 400-ზე მეტი და დაშავდა 3,5 ათასზე მეტი ადამიანი.