როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ვივამედის“ ექიმის განცხადება

ექიმის თქმით, აღინიშნება სისუსტე, თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ფეხზე წამოდგომისას
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებოა, ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმმა თამარ ჭანტურიამ განაცხადა.
სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება, სადაც მას არასწორი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ. ექს-პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ შაბათს, 22 აპრილს, მსჯავრდებულმა ორჯერ დაკარგა გონება. თუმცა, როგორც კლინიკის ექთნები ამბობენ, პალატაში მათი ყოფნისას გონების დაკარგვა არ დაფიქსირებულა.
„მიხეილ სააკაშვილთან სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ საყურადღებო. აღენიშნება სისუსტე, თავბრუსხვევა, წამოდგომისას წონასწორობის დაკარგვა. სიცხე გუშინ, დღის მანძილზე 37 იყო მაქსიმალური“, - განაცხადა ჭანტურიამ „პირველი არხის“ ეთერში.
როგორც ჭანტურიამ აღნიშნა, ერთ-ერთ ეპიზოდში პაციენტმა ჩაიმუხლა.
მისი თქმით, პაციენტი ნევროლოგმა გასინჯა და თავის დარტყმა გამორიცხა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".