თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავეებმა ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს ოთხი მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედალი ლერი აბულაძემ (63) მოიპოვა. ფინალში მან აზერბაიჯანელი ტალეჰ მამედოვი დამაჯერებლად დაამარცხა (5:1). ბრინჯაოს მედალს კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) დაეუფლა, რომელმაც სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს 8:0 სძლია.
ლაშა გობაძემ (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გობაძემ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი დაამარცხა, ქაჯაიამ კი რუმინელ ალექსუს კურარიუსს სძლია.
კვირას ევროპის ჩემპიონატზე დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება. ფინალში ჯონი ხეცურიანი (67 კგ) იჭიდავებს, მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰასრატ ჯაფაროვი იქნება. რეპეშაჟიდან ეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რობერტ კობლიაშვილი (97), მისი პირველი მეტოქე უნგრელი ტამას ლევაია, მოგების შემთხვევაში კობლიაშვილი მედლისთვის ჩეხეთის წარმოამდგენელ არტურ ომაროვს შეხვდება.
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, ჩვენმა სპორტსმენებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს. ქართველების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
2023 წლის ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში 17 აპრილიდან მიმდინარეობს. პირველად ასპარეზობა დაიწყეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. კონტინენტური პირველობა დღეს დასრულდება.