თბილისი, 23 აპრილი– Sputnik. თბილისის პოლიციამ განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მეორე, 46 წლის მამაკაცი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ზ.ე.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ზ.ე. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაულში ბრალდებული დ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს ნ.ზ. შეესწრო, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
წყარო - შსს