ძარცვა ჰოლივუდური სცენარით: ქართველებმა კვიპროსში 180 ათასი ევროს სამკაულები მოიპარეს

საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება, ბრალდებულები კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებმა - ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში მდებარე საიუველირო მაღაზიიდან 180 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს და ახლა მათ მთელ კუნძულზე ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადგილობრივი მედია ინციდენტს „ძარცვას ჰოლივუდური ფილმის სცენარით“ უწოდებს, რადგან მამაკაცმა და ქალმა, მესამე თანამზრახველთან ერთად, რომლის იდენტიფიცირებაც ახლა მიმდინარეობს, 5 კარატიანი ბრილიანტის ქვების მოპარვა უიარაღოდ შეძლეს.
წყვილმა გამყიდველის ყურადღება ოქროს ყელსაბამზე დეტალების გამოკითხვით მიიპყრო, მათ შეიძინეს კიდეც 400 ევროიანი სამკაული, თუმცა ამ დროს მესამე თანამზრახველმა მოახერხა ბრილიანტების ყალბი ქვებით შეეცვალა.
ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდნენ მაღაზიაში, თითქოს ბრილიანტების ყიდვით იყვნენ დაინტერესებული. ბოლოს კი იუველირს შესამოწმებლად მიუტანეს ყალბი ქვები, რომლებიც მოტყუებით შეუცვალეს ნამდვილ ბრილიანტებში. მათი საერთო ღირებულება 180 ათას ევროს აჭარბებს.
ამის შემდეგ სამივემ სასწრაფოდ დატოვა მაღაზია, თუმცა კამერებმა ისინი დააფიქსირდა და პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება შეძლო. იმავე დღეს ჩანაწერები აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს გადაეცა, რათა მძარცველებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.
ინციდენტის გამო ლიმასოლის აეროპორტში სამართალდამცველთა სრული მობილიზებაა გამოცხადებული. სავარაუდოდ, 180 ათასი ევროს ბრილიანტების ქურდობაში მხილებული დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ კვიპროსის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება, ბრალდებულები კი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდებიან