თბილისში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველო ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა
Sputnik
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. 23 აპრილს აღინიშნება წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე, რომელიც ხაზს უსვამს ლიტერატურის განსაკუთრებულ როლს კულტურისა და ტოლერანტობის განვითარებაში - თბილისში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სხვა ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართება.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე პირველად 1996 წელს აღინიშნა. ტრადიციულად, ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწყობა წიგნის ბაზრობები და გამოფენები.
საქართველო ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 20 წლის განმავლობაში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით აღინიშნება.
წიგნების დღე თბილისში
წიგნის დღის ფარგლებში Radisson Blu Iveria-ში 13:00-დან 19:00 საათამდე დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოცამდე ადგილობრივი გამომცემლობა, ჩატარდება შეხვედრები მწერლებთან, ახალი გამოცემების პრეზენტაციები და სხვ.
კერძოდ, ორგანიზატორები აანონსებენ საინტერესო საუბრებს ქართველ მწერალთან, სცენარისტთან და კინორეჟისორთან ალეკო შუღლაძესთან და ასევე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან გიორგი კეკელიძესთან.