საქართველოს სერბი ჟურნალისტები სტუმრობენ

საქართველოს შესახებ გადაცემებს სატელევიზიო არხებზე UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, Insajder მილიონობით ტელემაყურებელი ნახავს.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ბალკანეთის ქვეყნებში გაეცნობიან, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს.
გადამღები ჯგუფის წევრები საქართველოს შესახებ ბალკანეთის სატელევიზიო არხებისთვის UNA, K1, Kitchen TV, EkoTV, Insajder ვრცელ რეპორტაჟს ამზადებენ.
„საუკეთესო სოლო მოგზაურობა" - Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში სტუმრობას ურჩევს>>
პრესტურის ფარგლებში სერბული მასმედიის წარმომადგენლები თბილისს, ალავერდს, თელავს, დავით-გარეჯს, სტეფანწმინდას, ანანურს, გორს, ბორჯომს, ახალციხეს, აბასთუმანს, გოდერძის, ბათუმს, მტირალას ეროვნულ პარკს, პეტრას, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, ქუთაისს, წყალტუბოს, პრომეთეს მღვიმეს, კაცხის სვეტს, ჭიათურას, საჩხერეს, გომს, დაშბაშის კანიონს, ფარავნის ტბას, ფოკის მონასტერს, საღამოს ტბას გადაიღებენ.
მედიის წარმომადგენლები კატარღით გაისეირნებენ პალიასტომის ტბაზე და ზიპლაინით დაეშვებიან დაშბაშის კანიონზე.
სატელევიზიო გადაცემები ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკოტურიზმს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს დაეთმობა.
გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მარკო მილიშევიჩის თქმით, იდეა საქართველოს შესახებ გადაცემის მომზადების თაობაზე რამდენიმე თვის წინ სერბეთში საქართველოს საელჩოსთან კონტაქტის შემდეგ გაჩნდა.

„სადაც არ უნდა ვიმოგზაურო, სულ საქართველოზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ქართველ ხალხზე ვსაუბრობ და ყველას, ჩემს მეგობრებსაც ვეუბნები, ეწვიონ საქართველოს. ჩვენ ვამზადებთ გადაცემას კულინარიისა და მოგზაურობის შესახებ და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ტურისტი იმოგზაურებს ბალკანეთის ქვეყნებიდან საქართველოში", – განაცხადა მარკო მილიშევიჩმა.

მილოშევიჩი ფიქრობს, რომ მათ მიერ მომზადებული გადაცემა საქართველოს პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
სერბი მსახიობი გორიცა რეგორდიჩი გადაცემას ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ მოამზადებს.
საქართველოს ხელისუფლება ეკოტურიზმის განვითარებაზე მილიონობით დოლარს დახარჯავს>>
„პირველად ჩამოვედი საქართველოში... ძალიან შთამბეჭდავია, რომ სხვადასხვა კულტურის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობს ერთ ქალაქში, ყოველგვარი პრობლემის გარეშე, ძალიან მშვიდობიანი გარემოა და ძალიან მეგობრული ხალხია, ბევრი სიმწვანეა და საოცარი ბუნება გაქვთ. ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა და ძალიან მომწონს", – თქვა გორიცა რეგორდიჩმა.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საქართველოს შესახებ სატელევიზიო გადაცემას სერბეთის, მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, ასევე პოლონეთისა და გერმანიის მილიონობით ტელემაყურებელი ნახავს.