უწყვეტი მშვიდობის პერიოდი - „ქართული ოცნება" დაარსებიდან 11 წელს ზეიმობს

პრემიერის თქმით, ეს მოვლენა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისი გახდა.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ქვეყანა სრულ განადგურებას გადაარჩინა, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც პარტიის შექმნას მიეძღვნა.
პარტიის ოფიციალური დაარსებიდან ზუსტად 11 წელი გავიდა. „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა. „ქართული ოცნება" სისტემატურად აკეთებს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მისი წყალობით მოეღო ბოლო „ცხრაწლიან სისხლიან რეჟიმს". საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბევრი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათ შორის, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა", – განაცხადა პრემიერმა.

რეგიონში ამჟამინდელი მოვლენების გათვალისწინებით უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა, აღნიშნა მან.
ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, განაცხადა მთავრობის მეთაურმა და დაამატა, რომ ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან", – განაცხადა პრემიერმა.

სწორედ ამ პირობებში, ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ" მშვიდობიანად შეცვალა ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა, აღნიშნა პრემიერმა.

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისკენ. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განსაკუთრებულად გამოყო პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
„ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და ახლა უკვე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო", – განაცხადა პრემიერმა.
ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების" თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე, აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა – კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება", – განაცხადა პრემიერმა.

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 2011 წელს განაცხადა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დააარსა, რომელმაც კიდევ ოთხ პარტიასთან კოალიციაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა. „ოცნებამ" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი მმართველობა შეცვალა.