თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შაშვი მაყვალის" მსოფლიო პრემიერა გაიმართება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 16-27 მაისს გაიმართება.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა ფესტივალის დამოუკიდებელი სექციის Quinzaine des cinéastes ფარგლებში შედგება.
Quinzaine des cinéastes პროგრამა 1969 წელს ფრანგი რეჟისორების გილდიამ შექმნა და ის კანის ფესტივალის მთავარი კონკურსის პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამაში, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია განსაკუთრებული ხედვის მქონე რეჟისორების ნამუშევრები.
ნავერიანის ფილმი მთელი მსოფლიოდან 30 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.
ფილმი „შაშვი შაშვი მაყვალი" თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. ნაწარმოები 2021 წელს „საბას" ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი". სიუჟეტის ცენტრშია 48 წლის პროვინციელი ქალის ისტორია.