„სამოთხის შეხება” - იტალიაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. მან განვითარების სამი საფეხური გაიარა.
Sputnik
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა „სამოთხის შეხება” გაიმართა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენაზე კალიგრაფისა და მხატვრის გიორგი სისაურის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. სულ გამოიფინა 38 საზედაო ასოს და რელიგიურ თემაზე შექმნილი 19 ნამუშევარი.
ექსპოზიცია დაათვალიერა იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა (ვატიკანის ორგანიზაციების) და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა „სამოთხის შეხება"
ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი იტალიაში 23 აპრილამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ანბანია. თანამედროვე ქართული ანბანი 33 ასოსგან შედგება.
ქართულ ენას აქვს უწყვეტი წერილობითი და ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ქრისტიანობის მიღებისთანავე წარმოიშვა (IV საუკუნეში). სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის შეიქმნა არამეული და ბერძნული დამწერლობის გავლენით.
ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა უძველესი ქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან – ნუსხური (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან – მხედრული (სამოქალაქო) წერილი.
2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეიტანა.