მსოფლიო დღეს

გაჩნდა ახალი გარემოება: ალეკ ბოლდუინს შემთხვევით მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს

Sputnik
თბილისი, 21 აპრილი − Sputnik. ნიუ-მექსიკოს (აშშ) პროკურატურამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს 2021 წლის 21 ოქტომბერს კინოფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორ გალინა ჰატჩინსის შემთხვევით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, განაცხადეს მსახიობის ადვოკატებმა.
თუმცა, მათი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბოლდუინი სრულად გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, ვინაიდან გამოძიება გრძელდება და გამორიცხული არ არის, მას კვლავ წაუყენონ ბრალი.

„ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტით კმაყოფილები ვართ. <...> გამოვლინდა ახალი ფაქტები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ გამოძიებას და ექსპერტიზას. მოვუწოდებთ გამოძიებას, სათანადოდ გამოიკვლიოს ამ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტები და გარემოებები“, — ნათქვამია ბოლდუინის ადვოკატების განცხადებაში.

როგორც გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა CNN-ს, გაირკვა, რომ იარაღი, რომლითაც ჰატჩინსი სასიკვდილოდ დაიჭრა, მანამდე მოდიფიცირებული ყოფილა. ეს იყო ის ახალი გარემოება, რომელმაც გავლენა მოახდინა პროკურორების გადაწყვეტილებაზე. ახლა ისინი შეისწავლიან ამ პისტოლეტს და გაარკვევენ, როგორ შეიძლებოდა ემოქმედა მოდიფიკაციას „იარაღის ქცევაზე“.
მანამდე ბოლდუინი აცხადებდა, რომ იარაღის სასხლეტისთვის თითი არ გამოუკვრია, მაგრამ მან მაინც გაისროლა. მაშინ ამგვარი შესაძლებლობა უარყო FBI-ს ექსპერტმა, რომელმაც განაცხადა, რომ იარაღი სასხლეტის გამოკვრის გარეშე არ ისვრის.
წყარო: CNN