თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში 2023 წლის ბოლომდე 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგური დამონტაჟდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. 2024 წლის პირველი ნახევრისთვის ქვეყანაში 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული.
უკვე დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
შამუგიას განცხადებით, აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე ამინდის პროგნოზის ხარისხს. ფერმერები, რომელთათვისაც ამინდის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია, მიიღებენ უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ამინდის შესახებ.
ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური 24-საათიან რეჟიმში ზომავს ისეთ მეტეოროლოგიურ პარამეტრებს, როგორიცაა ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, ნალექი, ქარის სიჩქარე. ყველა ინფორმაცია გადაიცემა ონლაინ-რეჟიმში.
ჰიდროლოგიური სადგურის დახმარებით სპეციალისტები აკვირდებიან და სწავლობენ წყლის ობიექტების და ტერიტორიების, მდინარეების, ტბების, ზღვების, წყალსაცავების, ჭაობებისა და მყინვარების რეჟიმს (წყლის დონე, წყლის ტემპერატურა, დინების სიჩქარე, სიმღვრივე და ა.შ.).