თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს რკინიგზით ქვეყნის ტერიტორიაზე Toyota-ს, BMW-ს და AUDI-ს მარკის ავტომობილების გადაზიდვები იწყება.
ავტომობილების გადაზიდვები „საქართველოს რკინიგზის“ და ავტომწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
კომპანიები Toyota, BMW და AUDI ავტომობილების მიწოდებას ცენტრალურ აზიაში განახორციელებენ მარშრუტით: საქართველო–აზერბაიჯანი–ყაზახეთი–უზბეკეთი.
პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ტრანსპორტი ფოთის პორტში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს.
ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ, აღნიშნეს რკინიგზაში.
მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.